სიმაღლეზე მუშაობის რეგლამენტში ცვლილებები შევიდა
სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ N 477 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით, სავალდებულო ხდება დამცავი მოაჯირის მონტაჟი ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე.ცვლილებების მიხედვით, ღიობების (ნაგებობაში ღიად დატოვებული სივრცეები), ყველა მხარე შემოსაზღვრული უნდა იყოს დამცავი მოაჯირებით. ასევე, ღიობთან ახლოს მდებარე პანდუსი ან დაქანებული ადგილი, რომელიც გამოიყენება ადამიანის სავალ ბილიკებად, უნდა იყოს მოაჯირებით შემოსაზღვრული.
დოკუმენტის მიხედვით:
დამცავი მოაჯირი/მოაჯირები/სახელურები უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე.
დამცავი მოაჯირი აწყობილი უნდა იყოს EN 13374 სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ან აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დამცავი მოაჯირების EN 13374 სტანდარტის შესაბამისად მონტაჟისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ სტანდარტით გათვალისწინებული შესაბამისი კლასი და ტიპი.
სამუშაო სივრცეში განთავსებული ნებისმიერი ხარაჩო უნდა იყოს სწორად დაპროექტებული, EN 12810-1 სტანდარტით ან ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად დამზადებული ან აწყობილი, ასევე სათანადოდ მოვლილი, რათა გამოირიცხოს მათი ჩამოშლა ან შემთხვევითი გამოძრავება.
სიმაღლეზე სამუშაოებისათვის განკუთვნილ ხარაჩოს უნდა გააჩნდეს შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც უნდა ინახებოდეს იმ სამუშაო სივრცეში, სადაც განთავსებულია ხარაჩო.
სამუშაო სივრცეში განთავსებულ ნებისმიერ ხარაჩოს უნდა გააჩნდეს ჩანაწერები მისი ექსპლუატაციის შესახებ. ასეთი ჩანაწერები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ხარაჩოს ექსპლუატაციის შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ხარაჩო გამოსაყენებლად განთავსებულია სამუშაო სივრცეში.
ხარაჩოს აწყობა/დაშლა, შეცვლა და სარემონტო სამუშაოების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ პასუხისმგებელი პირის ან მის მიერ დანიშნული პირ(ებ)ის უშუალო მონაწილეობით. ხარაჩოს შემოწმების თაობაზე მზადდება შემოწმების ანგარიში (წერილობით), რომელიც უნდა ინახებოდეს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან.
2026 წლის პირველი იანვრიდან, სამუშაო სივრცეში განთავსებულ და გამოყენებული უნდა იქნეს სიმაღლეზე სამუშაოებისათვის განკუთვნილი მხოლოდ ის ხარაჩო, რომელსაც გააჩნია EN 12810-1 სტანდარტთან შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტი.
ამ და სხვა ცვლილებების შესახებ ინფორმაცია სრულად, ხელმისაწვდომია მითითებულ ბმულზე:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6196584…
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რეგლამენტი ,,სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“ 2017 წელს მიიღო, რომლის მიხედვით სიმაღლეზე მომუშავე ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი სწავლება, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მოდულებს.
ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე (მათ შორის, ჭები, ღიობები, ნათხარი გრუნტები და ა.შ.). ამასთანავე, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ჩნდება ვალდბეულება, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.