ახალი რეგულაცია დაუფასოებელ სურსათთან დაკავშირებით
2024 წლის 1-ელი აგვისტოდან დაუფასოებელ სურსათზე, გარდა დასახელებისა და ალერგენების შესახებ ინფორმაციისა, პროდუქტზე მისი წარმოშობის/ქვეყნის მითითებაც სავალდებულო გახდა.
,,ტექნიკური რეგლამენტის-მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ მთავრობის დადგენილება N301-ში შესული ცვლილებების მიხედვით განისაზღვრა ინფორმაცია, რომელიც პროდუქტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს.
სარეალიზაციო ობიექტებზე სავალდებულოა:
√ სურსათის დასახელება(სახეობა)
√ ,,ალერგენის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებების ან პროდუქტების ‘’ შესახებ ინფორმაცია.
√ სურსათის წარმოშობის ადგილი ტექნიკური რეგლამენტის 25-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
რა განსხვავებაა დაფასოებელ და დაუფასოებელ სურსათს შორის აღნიშნული რეგლამენტის განმარტებით?
- დაფასოებული სურსათი ეს არის – საცალო ვაჭრობის პუნქტში განთავსებამდე წინასწარ ნაწილობრივ ან მთლიანად შეფუთული ერთეული, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტს, რომელიც შედგება სურსათისა და შესაფუთი მასალისაგან და რომლის შიგთავსის შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის ან შეცვლის გარეშე.
- ყველა სხვა დანარჩენი წარმოადგენს დაუფასოებელ სურსათს .
- დაფასოებულ სურსათს არ განეკუთვნება სურსათი, რომლის შეფუთვა ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტში მომხმარებლის თხოვნით ან წინასწარ დაფასოებულია (უშუალოდ) რეალიზაციის მიზნით;
ცნობისთვის, რეგლამენტის თანახმად, აქამდე აღნიშნული ინფორმაციის მითითება მხოლოდ ხორცზე იყო სავალდებულო, განხორციელებული ცვლილებებით კი პირველი აგვისტოდან ყველა სახის სურსათისთვის სავალდებულო იქნება.
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული რეგლამენტის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ -გვერდზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6203722?publication=0