შრომის უსაფრთხოება საოფისე საქმიანობისას
შრომის უსაფრთხოებაზე საუბრისას ძირითადად სამრეწველო ან ფიზიკური შრომის საჭიროების მქონე სამუშაო ადგილები გვახსენდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ოფისში მომუშავე პირთა უსაფრთხოებაც.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2022 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება №341, რომელიც სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს უკავშირდება.
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები არეგულირებს ისეთ საკითხებს როგორიცაა:
• შენობების მედეგობა და კონსტრუქციული სიმტკიცე
• ელექტრომოწყობილობები
• სახანძრო უსაფრთხოება
• სამუშაო სივრცე − იატაკი, კედლები, ჭერი, სახურავი, ფანჯრები და სარკმელი
• სამუშაო სივრცე − კარი და ჭიშკარი
• საევაკუაციო გზები და გასასვლელები
• სამოძრაო მარშრუტი − საფრთხის შემცველი ადგილები
• ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები
• სატვირთო პლატფორმები და პანდუსები
• დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები
• მიკროკლიმატი დახურულ სამუშაო სივრცეებში
• მონიტორიან დანადგარებთან დაკავშირებული სამუშაო ადგილების მოწყობის მინიმალური სტანდარტები
• დროებითი გამათბობელი და გამაგრილებელი სისტემები
• დახურული სამუშაო სივრცის ვენტილაცია
• ბუნებრივი და ხელოვნური განათება
• დამხმარე სანიტარიული სათავსები და სანიტარიული კვანძები
• საპირფარეშოები
• საშხაპეები და ხელსაბანები
• გამოსაცვლელი ოთახები და პირადი კარადები/სეიფები
• მოსასვენებელი ადგილები და კვების ბლოკები/ სასადილოები
• პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახები
• სასმელი წყლით უზრუნველყოფა
• ღია სამუშაო სივრცეები (სპეციალური პირობები)
• ორსული ქალები და მეძუძური დედები
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულები
შეგახსენებთ, რომ დადგენილებაში გაწერილია ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები და დამსაქმებელს შეუძლია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს ამ რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი, დასაქმებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
ოფისში დასაქმებულები სამსახურში საკმაოდ დიდ დროს ატარებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია სამსახურში გატარებული დრო მათთვის კომფორტული და უსაფრთხო იყოს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მათ მიერ შესრულებული საქმიანობისხარისხზეც აისახება.