უსაფრთხოების მიმდინარე წესები და რეგულაციები
კომპანიის სამუშაო სივრცეში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა. საქართველოში უსაფრთხოების წესები რეგულირდება მთელი რიგი ნორმატიულ აქტებით.
შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი არეგულირებს „დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უფლებებს, ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან“.
დამსაქმებელი ვალდებულია იზრუნოს დასაქმებულის და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებაზე, იზრუნოს რომ ფიზიკურმა, ქიმიურმა და ბიოლოგიურმა საფრთხის შემცველმა ფაქტორებმა არ გამოიწვიოს დასაქმებულთა და სხვა პირების ჯანმრთელობის დაზიანება, აღრიცხოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები, აწარმოოს პროფესიული დაავადებების მოკვლევა და აღრიცხვა, რეგულარულად შეამოწმოს ტექნიკური აღჭურვილობის გამართულობა, უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა, უზრუნველყოს პერსონალისთვის შესაბამისი სწავლების ჩატარება, სამუშაო პროცესში პერსონალისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში უზრუნვეყოს ზიანის ანაზღაურება, უზრუნველყოს ყველა თანამშრომლის უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა და ა.შ.
დასაქმებული ვალდებულია იხელმძღვანელოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინსტრუქციებით და დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ დადგენილ სამუშაო პროცედურებს, შეასრულოს სამუშაო, მართოს და გამოიყენოს სამუშაო ტექნიკა, მასალები, საშიში ნივთიერებები და სხვა საშუალებები, დადგენილი წესების მიხედვით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოიყენოს ინსტრუქციების შესაბამისად, შეინახოს მუშა მდგომარეობაში და დააბრუნოს მათთვის განკუთვნილ ადგილზე, დაესწროს კომპანიის მიერ ორგანიზებულ შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს, გაიაროს პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომლის შესრულებისთვისაც აღნიშნული გამოკვლევების გავლა აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაემორჩილოს სამუშაო სივრცეში თამბაქოს მოხმარების შესახებ აკრძალვებს და ა. შ.
შრომის ინსპექციის ანგარიშებში 3 584 დარღვევიდან ყველაზე ხშირად მოხსენიებულია ისეთი კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ ან არასრულად აქვთ რისკების შეფასების პოლიტიკა (7.62%), არ უზრუნველყოფენ დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (7.14%), არ უზრუნველყოფენ დასაქმებულთა სწავლებასა და ინსტრუქტაჟს (6.61%), არ იყენებენ კოლექტიური დაცვის ღონისძიებებს (6.45%), არ აქვთ პირველადი დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და საევაკუაციო ღონისძიებების მართვის პროცედურა (6.25%) და ასე შემდეგ.
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, წლების მანძლზე სტატისტიკაში მოწინავე ადგილს დასაქმებულთა ცნობიერების დაბალი დონე იკავებს. დაწესებული რეგულაციების არ დაცვით მხოლოდ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა და დაზარალებულთა რიცხვი თუ შეიცვლება.