შრომისუსაფრთხოებასამედიცინოსფეროში
შრომის უსაფრთხოებაზე საუბრისას, უმეტეს შემთხვევაში მაინც სამშენებლო სფეროს წარმოვიდგენთ, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ უსაფრთხოება საკმაოდ ფართო თემაა. აქედან გამომდინარე, მოცემული პოსტით SMG წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ სამედიცინო სფეროს შევხებოდით. ექიმები, ექთნები, სანიტრები და სამედიცინო სფეროში მომუშავე სხვა პირები დგანან ისეთი რისკებისა და საშიშროებების წინაშე როგორიცაა ინფექციური დაავადებებით დაინფიცირება, საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი და სხვა რისკის შემცველი ფაქტორები.
საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულია რიგი ნორმატიული აქტები, დადგენილებები და ბრძანებები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში წესრიგის დამყარებასა და ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.
სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის ფუნქციონირების შესახებ ბრძანების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები არიან შექმნან ხარისხის მართვის სისტემა.
იმავე ბრძანების მესამე მუხლის მიხედვით ხარისხის მართვის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისადმი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგს, კონტროლს, შედეგების ანალიზს და ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას შემდეგ საკითხებზე:
- სანებართვო პირობების შესრულება;
- ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის გამართული მუშაობა;
- სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია;
- სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფა;
- ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა;
- ქვეყანაში აღიარებული სტანდარტების (გაიდლაინი, პროტოკოლი) სამედიცინო მომსახურების პროცესში გამოყენება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
- სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის დროული და მართებული წარმოება;
- რეფერალურ ქსელში ეფექტური ჩართულობა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დადგენილება №185 – სამედიცინო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში დეზინფექციისა და სტერილიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.
დადგენილების მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტი განკუთვნილია ყველა სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ასევე, იმ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებისათვის, სადაც წარმოებს ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები ადამიანის კანის საფარველზე.
ასევე დეტალურადაა აღწერილი დეზინფექციისა და სტერილიზაციის ზოგადი პრინციპები, სასტერილიზაციოს ჰიგიენური დაგეგმარების პრინციპები, თერმული, ქიმიური, ცივი(პლაზმით) სტერილიზაცია, შეფუთვა, სტერილიზაციის მიმდინარეობაზე კონტროლი, დეზინფექცია, ქიმიური დეზინფექცია, პასტერიზაცია, ულტრაიისფერი დასხივება.
ასევე უნდა აღინიშნოს დადგენილება №294 – ტექნიკური რეგლამენტი – „სამედიცინო ნარჩენების მართვა“.
ეს ტექნიკური რეგლამენტი განკუთვნილია სამედიცინო დაწესებულებებისათვის, ასევე იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები მოქმედი კანონმდებლობით ექვემდებარება სამედიცინო ნარჩენების მსგავსად მართვას, მიუხედავად ამ დაწესებულებების/ორგანიზაციების საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.
სამედიცინო დაწესებულებაში წარმოქმნილი ნარჩენების მართვა უნდა ხორციელდებოდეს ნარჩენების კლასიფიკაციის, მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით ისე, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება.
სამედიცინო დაწესებულებაში უნდა ხორციელდებოდეს სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეპარაცია, შეგროვება, შენახვა, გატანა ან დამუშავება ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
SMG-ს ექსპერტთა გუნდი, როგორც ყოველთვის, მზად ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია უსაფრთხოების სფეროში, რადგან მხოლოდ ყველა კანონისა და რეგულაციის კეთილსინდისიერი დაცვით იქნება შესაძლებელი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და უსაფრთხოების შენარჩუნება როგორც მედ-მუშაკებში, ასევე პაციენტებში.