სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკა
სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვა შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით არის მოთხოვნილი. კერძოდ, V თავის, მე-15 მუხლის პირველ პუნქტში წერია, რომ „დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც სხვა პირს შეემთხვა და რომელსაც დასაქმებული შეესწრო, ან რომელიც დასაქმებულს შეემთხვა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევს. დამსაქმებელს აგრეთვე უნდა ეცნობოს ნებისმიერი უბედური შემთხვევის, საშიში შემთხვევისა და მავნე საწარმოო ფაქტორების შესახებ“. მოცემული მუხლის საფუძველზე დამსაქმებელი ვალდებულია აღრიცხოს სამუშაო სიცრცეში უბედური და პროფესიული დაავადებების შემთხვევები.
შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური შემთხვევები კლებადობის დინამიკით ხასიათდება, რაც საკმაოდ პოზიტიური ინფორმაციაა. 2018 წელთან შედარებით 2021 წელს შემთხვევების რაოდენობა 22-ით არის შემცირებული. შემთხვევების შემცირებას ხელი ინსპექციის და შრომის უსაფრთხოების კომპანიების აქტიურმა მუშაობამ შეუწყო.
რაც შეეხება არაფატალურ შემთხვევებს 2018 წელთან შედარებით 2021 წელს შემთხვევების რაოდენობა 54-ით არის გაზრდილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ 2018 წელს მომხდარი უბედური შემთხვევების წყაროა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებითა და მეთოდოლოგიით უზრუნველყო მონაცემების აღრიცხვა, ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, რაც შემთხვევების აღრიცხვიანობის ზრდის საფუძვლად ვლინდება. თუ ერთმანეთს 2020 და 2021 წელს შევადარებთ, აქაც პოზიტიურ სურათს მივიღებთ, შემთხვევების რიცხვი 4-ით არის შემცირებული.
ყოველ 100 ათას დასაქმებულზე საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელშიც წლების მიხედვით მცირდება გარდაცვალების სიხშირე, თუმცა იზრდება დაშავების სიხშირე.
საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ-2016 შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, ფატალური უბედური შემთხვევების უმეტესი წილი მოდის მშენებლობაზე. მშენებლობის შემდეგ შეიძლება დასახელებულ იქნას დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა.
რაც შეეხება არაფატალურ შემთხვევებს, აქაც მოწინავე ადგილს იკავებენ მშენებლობა და დამამუშავებელი მრეწველობა. შემდეგ კი სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება და სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა.