სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების მიმოხილვა
შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა განისაზღვრება როგორც სამუშაო პროცესში ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მომხდარი შემთხვევა, რომელსაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანება, შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა, გარდაცვალება ან მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება.
V თავის, მე-14 მუხლის მიხედვით, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევა კლასიფიცირდება მისი შედეგების და ერთ ჯერზე დაშავებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, შემდეგნაირად:
- მსუბუქი უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო მსუბუქი დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე ან შრომისუნარიანობის დაკარგვით არაუმეტეს 3 დღისა;
- საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო დაზიანება შრომისუნარიანობის დაკარგვით 3 დღიდან 40 დღემდე;
- მძიმე უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო მუდმივი შრომისუუნარობის განვითარება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან/და დროებითი შრომისუუნარობის განვითარება 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით;
- ფატალური უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო ადამიანის (დასაქმებულის ან სხვა პირის) სამუშაო ადგილზე ან უბედური შემთხვევიდან 1 წლის განმავლობაში გარდაცვალება;
- მასობრივი უბედური შემთხვევა − უბედური შემთხვევის გამო 3 ან მეტი ადამიანის დაშავება, მათ შორის, 1 მძიმე უბედური შემთხვევა ან 1 ფატალური უბედური შემთხვევა.
შრომის ინსპექციის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2019-2022 წლებში სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევების მიხედვით ტოპ 5 სექტორში შედის: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა.
უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო ადგილზე გარდაცვალების შემთხვევები წლების მიხედვით ზრდადობის დინამიკით ხასიათდება, რაც საკმაოდ სამწუხარო მოვლენაა. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საშუალო სიმძიმის დაზიანება 48-ით, ხოლო მძიმე დაზიანება 29-ით არის გაზრდილი.
წყარო: შრომის ინსპექციის სამსახური
უბედური შემთხვევების რაოდენობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობას. აუცილებელია, რომ როგორც დამსაქმებლები, ისე დასაქმებულები სერიოზულობით მოეკიდონ საკუთარ და გარშემო მყოფი ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას.