როგორია შრომის უსაფრთხოების ევროპული მოდელები და გზა რომელსაც საქართველო იქამდე მისასვლელად გადის?
„შრომა შეიძლება იყოს ფიზიკური და გონებრივი, მარტივი და რთული, შემოქმედებითი და მონოტონური, მაგრამ არცერთ შემთხვევაში–ადამიანისთვის საზიანო. უფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების ჯაჭვი თანაბრად აკავშირებს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს“– საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 35, პუნქტი 1.
შრომის უსაფრთხოების მხრივ საქართველოში, ისევე როგორც განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში, მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. პრობლემის ძებნა კი კანონმდებლობაში ნამდვილად უადგილოა, რომელიც შეძლებისდაგვარად არის სინქრონიზებული ევროპულ ანალოგებთან. პრობლემა, სავარაუდოდ, ამ კანონის აღსრულებაშია. სანამ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობებს არ აიღებს როგორც დამსაქმებელი, ისე დასაქმებული, სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისა და ტრავმების მძიმე სტატისტიკური სურათი გვექნება.
თანამედროვე ევროპის ქვეყნებში შრომის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია საკანონმდებლო ჩარჩოების, მარეგულირებელი ორგანოების, აღსრულების მექანიზმებისა და სამუშაო ადგილის პრაქტიკის კომბინაციით.
საინტერესოა თუ რა მექანიზმებით ზრუნავენ შრომის უსაფრთხოებაზე თანამედროვე ევროპულ ქვეყნებში.
შვედეთის შემთხვევაში ნებისმიერი საწარმოს საქმიანობის კონტროლი შეუძლიათ პროფკავშირების წარმომადგენლებს. მაგალითად, კვების მრეწველობის პროფკავშირების წარმომადგენელს ნებისმიერი ფერმის შემოწმება შეუძლია და თუ აღმოაჩენს, რომ შრომის უსაფრთხოება ირღვევა, მთელი საწარმოს მუშაობის შეჩერებაც შეუძლია. თითოეული მეწარმე ვალდებულია, პროფკავშირებს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები წარუდგინოს შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. თუმცა, საბოლოოდ, დამრღვევისთვის სასჯელის დაწესების უფლებამოსილება სახელმწიფო ინსპექციის ხელშია.
სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებაზე უდიდესი ყურადღება ეთმობა ფინეთში. ამ ქვეყანაში დაქირავებულები ირჩევენ საზოგადოებრივ შრომის ინსპექტორებს.. მაგალითად, მეღორეობის ფერმაში დასაქმებულებს უზრუნველყოფენ 3–4 კომბინეზონით, რომლებიც ყოველდღიურად ირეცხება და ასევე უფასოდ ეკუთვნით რესპირატორები და ნიღბები დახურულ სივრცეში სამუშაოდ, მავნე ჰაერის გამო. როგორც საზოგადოებრივი, ისე სახელმწიფო ინსპექტორები საწარმოებში თავისი ვიზიტის შესახებ მეწარმეებს წინასწარ არ აცნობებენ.
დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში შრომის ინსპექტორებს პროფკავშირები წარადგენენ, ხოლო გერმანიასა და ესპანეთში მათ ადგილობრივი ადმინისტრაცია ირჩევს შესამოწმებელი საწარმოს თანამშრომლებიდან.
დანიაში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთელი პასუხისმგებლობა საწარმოებს ეკისრება. შრომის ინსპექციის ცენტრებში მუშაობენ მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, სურსათის წარმოების, შენობების დასუფთავებისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები.
დანიის შრომის კანონში კი აღნიშნულია, რომ ცალკეული სამუშაო ადგილები ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ თანამშრომელს არ მოუწიოს სამსახურიდან წასვლა ნერვული გადაღლილობისა და სტრესის გამო.
ბრიტანეთის პროფკავშირებს კი, რომელმაც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 1997–2009 წლების პერიოდში 41 ახალი წესის ინიციირება მოახდინა, უფლება აქვს სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მიერ მიღებული ტრავმის საკითხები გამოიძიონ.
როგორც ჩანს, ეს არცთუ მარტივი პრობლემა ევროპულ ქვეყნებს განსხვავებული მიდგომებით, მაგრამ მეტნაკლებად მოგვარებული აქვთ.
ზოგიერთი ევროპული ქვეყანა სთავაზობს დამსაქმებელს წაახალისოს ან აღიარების უსაფრთხოების ინოვაციურ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების უსაფრთხოების პრაქტიკის მუდმივ გაუმობესებას.
ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმების მიუხედავად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის ქვეყნებში შრომის უსაფრთხოება მნიშვნელოვან სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემად რჩება, რომელიც მუდმივ ყურადღებას მოითხოვს სახელმწიფოს, დამსაქმებლის, პროფკავშირებისა და დასაქმებულის მხრიდან.
საქართველოში ეს პროცესი რამდენიმე წელია რაც დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ საწყისი ეტაპი გავლილია. 2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმები ამოქმედდა და შრომის ინსპექციის მანდატიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ჩვენს ქვეყანაში აქტიურად დაიწყეს ბაზარზე ოპერირება შრომის უსაფრთხოების კერძო საკონსულტაციო კომპანიებმა, რომლებიც ნებისმიერი მიმართულების საწარმოში ახორციელებენ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებას და ამომწურავ რეკომენდაციებს აძლევენ მათ ამ პრობლემების დროულად და კვალიფიციურად აღმოსაფხვრელად. ერთ-ერთი ასეთი ლიდერი კომპანია SMG-შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფია. კომპანიის კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით პარტნიორი კომპანიის მფლობელები დაზღვეული არიან შრომის უსაფრთხოების შემოწმებისას რაიმე სახის საჯარიმო ან სხვა სანქციებისგან.
ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოსაც შეიძლება შეექმნას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები, როგორიცაა ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაცია, სამუშაო ადგილზე ფსიქოსოციალური რისკების მოგვარება და მოწყვლადი მუშაკების, მათ შორის მიგრანტებისა და არაფორმალური სექტორის მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუმცა, სწორად შერჩეული მექანიზმების გამოყენებით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილებით, შრომის უსაფრთხოების კუთხით კარგ შედეგს მივიღებთ.